‘’არ არის თავდასხმების, ფეხის დადების, გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო’’ – მამუკა მდინარაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’დღეს ერთად დგომა და ამ გამოწვევის ერთად დაძლევაა მნიშვნელოვანი. ეს ვირუსი მთელი მსოფლიოს, მთელი საზოგადოების პრობლემაა და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ.’’ – ამის შესახებ ‘’ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან გამკლავება მთელს მსოფლიოს უჭირს და ჯანდაცვის სისტემის წინააღმდეგ წასვლა ყოვლად მიუღებელია.

‘’ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ კოვიდ19-ის შედეგებთან გამკლავება. ამ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ჯანდაცვის სისტემაზე და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი. ხარვეზები, რა თქმა უნდა, იარსებებს შექმნილ ვითარებაში, მაგრამ მიზანმიმართული შეტევა მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა – სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა. სამწუხაროდ, ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჯანდაცვის სისტემის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორ აწყობდნენ თავყრილობებს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე.’’ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მან ყურადღება არსებული რეგულაციების დარღვევის ფაქტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააჩნდეს ერთმანეთის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ.

‘’სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები, თვითიზოლაციაში მყოფი პირების გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში. გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და მალე დავუბრუნებით ცხოვრებისა და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რიტმს.’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი