ანრი ოხანაშვილი – ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა ხალხზე ზრუნვა იყო, რასაც დიდი ძალისხმევით ეწეოდა

“ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა და საზრუნავი იყო ხალხისა და ქვეყნის მსახურება, რასაც ის დიდი ძალისხმევით ეწეოდა და ახორციელებდა. ყველა მომსწრე ხართ მისი უპრეცედენტო საქველმოქმედო საქმეების”, – ასე გამოეხმაურა ანრი ოხანაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის წერილს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებისკენ მუდმივი სწრაფვა, დემოკრატიის მაღალი სტანდარტია.

“ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება პასუხობს ყველა იმ საკითხსა და შეკითხვას, რომელიც ისმება, თუ რატომ შემოვიდა პოლიტიკაში და ასევე ის, რომ მას არასდროს ჰქონია პოლიტიკაში მუდმივად დარჩენის მიზანი.

არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია პოლიტიკაში მუდმივად დარჩეს. ეს არის ავტოკრატიისა და ტირანიისკენ მიმართული ლიდერის მიდგომა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებასა და მათ ლიდერებს ჰქონდათ.

ყველა კითხვაზე პასუხი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში არის გაცემული. ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას შეაფასებს საზოგადოება ეტაპობრივად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა.

მან შექმნა დემოკრატიის განვითარების ძალიან მყარი ფუნდამენტი, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და შექმნის. ეს არის წარმოუდგენელი რამ როცა ხარ ხელისუფლებაში და გაქვს მორალური სტანდარტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დატოვო კონკრეტული თანამდებობა. არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლების შენარჩუნებისკენ. ეს არის მორალურობის და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი”- განაცხადა ოხანაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი