‘’ამ არჩევნებით ერთპიროვნული მმართველობა უნდა დათმობილიყო, მაგრამ გამყარდა’’ – იაგო ხვიჩია

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებში არის კონსტრუქციული, ხელისუფლებამ ლაპარაკი შეწყვიტა. მე არ ვიცი ხელისუფლების წარმომადგენლებს რა უნდათ, იქნებ შუა აზია უნდათ, ხო არ იტყვიან შუა აზია გვინდაო. ჩემი აზრით, ადამიანები უნდა დააკვირდნენ, ვის რა უნდა ამ პროცესში. ვის უნდა სინამდვილეში ერთპარტიული პარლამენტი და ძალაუფლების სრული კონცენტრაციის მოპოვება ერთპიროვნულად.’’ – ამის შესახებ ‘’გირჩის’’ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია ‘’პირველის’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისთვის პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადება და როგორ აპირებს თითოეული პარტია სამომავლოდ პროცესის წარმართვას, მაგრამ მან ისიც აღნიშნა, რომ მოცემულობა ყველასთვის ერთია – ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია.

‘’კონკრეტულად ვის როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური ბოიკოტი არ ვიცი, ჯერ ეს საკითხები გასავლელი გვაქვს. მაგალითად, ვინ იღებს და ვინ არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, მაგრამ მე ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი. ამ ვითარებაში როგორ იქცევა ოპოზიცია ჯერ გასარკვევია, ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ბოლომდე არ არის მიყვანილი ეს პროცესი. მთავარი საკითხი ეს არ არის, მთავარია რა გვინდა. ხალხი ჩვენდაუნებურადაა აჯანყებული, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს მონობას.’’ – განაცხადა ხვიჩიამ.

მან ყურადღება გაამახვილა ამ პირობებში ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდილ როლზე, რადგან პარლამენტი ერთპარტიულია და ისინი მარტო დარჩნენ ქვეყნის მართვის პროცესში.

‘’ოპოზიცია ცოტახნით გვერდზე გაიწია, მთელი პასუხისმგებლობა ახლა ხელისუფლებას აკისრია. ყველა წარუმატებლობა ხელისუფლებას დაბრალდება, ცოტახანში ვიღაცას დენს რომ ჩაუჭრიან, ვალებს რომ ვერ გადაიხდიან, მაღაზიები რომ დაიკეტება, ოპოზიცია არაფერში არ იქნება დამნაშავე, თამაში არის ხელისუფლების მოედანზე, ისინი საკუთარ თავს ეთამაშებიან, როგორც ეს მოხდა გუშინდელ არჩევნებში.’’ – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი