ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით აშშ–ის კონგრესმა რეზოლუცია მიიღო

ავტორი: თიკო ტეფნაძე

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით აშშ–ის კონგრესის ქვედა პალატამ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტით ამერიკელმა კონგრესმენებმა  ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია მისცეს.

რეზოლუციაში კონგრესმენებმა ნავალნის მოწამვლის ფაქტი დაგმეს,  მოუწოდეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და ფინანსთა მინისტრს თავდასხმაში მონაწილეთა მიმართ სანქციები გაატარონ.

სანქციები ექვსი პირისა და ქიმიური იარაღის კვლევითი ინსტიტუტის წინააღმდეგ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააწესეს. საპასუხოდ, რუსეთმა გერმანიისა და საფრანგეთის მმართველი პირების აპარატის თანამშრომლების წინააღმდეგ სანქციების დაკისრების ბრძანება გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით, ნავალნი  სამკურნალოდ ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელი ექიმების დასკვნით ნავალნი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, რაც საფრანგეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს.

რუსი ოპოზიციონერი მოწამვლის ფაქტს ვლადიმერ პუტინს უკავშირებს, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ და გერმანიისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი