ალეკო ელისაშვილი – მანდატებს ხევენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს მანდატები არ აქვთ

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მანდატებს ის პოლიტიკოსები ხევენ, რომელთაც არჩევნების შედეგად ეს მანდატები არ მოუპოვებია. პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ასეთ ადამიანებად გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ნინო ბურჯანაძე დაასახელა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ცალი ხელით მანდატს ხევდე, მეორეთი კი მოლაპარაკებას ხელს აწერდე.

მოლაპარაკებაზე რაზეა საუბარი იცით?! – თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ ყველა, ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ და უხერხული არ არის? სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო? რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არ შევიდოდი, მე არ მითქვამს პარლამენტში შესვლა მინდა და არიქა გავრბივარ-მეთქი, მე ვთქვი, რომ არის რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით მას და მის პარტიას გაცნობიერებული ჰქონდა რაზე მიდიოდა, როცა განცხადებებს საჯაროდ აკეთებდა. “მოქალაქეების” ლიდერმა ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლა არა ღალატი, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნაა.

„მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას აგიხსნათ, რა გავაკეთეთ და რა ვთქვით და რის გამოც ვილანძღებით უღმერთოდ, მაგრამ არ მეშინია. ჩვენ ვიცოდით, რა ნიაღვარი წამოვიდოდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო, რომ რისიც გვწამს, რისიც გვჯერა იმ გადაწყვეტილებას თუ ვერ მივიღებთ იმის შიშით, რომ მერე ჩვენზე ნიაღვარი წამოვა, ჭორები, ბოდვები, ჭუჭყი, დაგვაბრალებენ მილიონ რაღაცას, მაშინ რა გვინდა პოლიტიკაში? ჩვენ ხმამაღლა გავბედეთ და მკაფიოდ ვთქვით, რომ ის მოლაპარაკება არის გადასარჩენი. იმ მოლაპარაკებაზე კი არ ვერთობით და დომინოს სათამაშოდ კი არ დავდივართ, არამედ დავაახლოეთ პოზიციები, წამოვიყვანეთ კომპრომისზე „ქართული ოცნება“ და ძალიან მაგარი ამბავია, რომ ისინი ამ კომპრომისზე მოდიან”, – განაცხადა ელისაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი