ალან რიკმანის დღიურები წიგნად გამოიცემა, რომელშიც იქნება მოგონებები ,,ჰარი პოტერის” გადასაღები მოედნიდანაც

ავტორი: კატო მალანია

ცნობილი მსახიობის, ალან რიკმანის, 27 ხელნაწერი დღიურისგან შემდგარი წიგნი, რომელიც კინოვარსკვლავის კარიერასა და ცხოვრებაზე “მახვილგონიერ, სიტყვაუხვ და უკიდურესად გულწრფელ” ნააზრევს მოიცავს, წერის დაწყებიდან 25 წლის შემდეგ წიგნად გამოიცემა.

გამომცემლობა Canongate-მა მსახიობის დღიურებზე საავტორო უფლებების მოპოვების შემდეგ განაცხადა, რომ წიგნი, სახელწოდებით ალან რიკმანის დღიურები, 2022 წლის შემოდგომაზე გამოვა.

რიკმანი დღიურების ხელით წერას, მომავალში მათი წიგნად გამოცემის განზრახვით, 1990-იანი წლების დასაწყისში შეუდგა. იმ დროისათვის მას უკვე განსახიერებული ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი, მისი სამსახიობო კარიერა კი აღმავლობის გზას ადგა. მან წერა მომდევნო 25 წლის განმავლობაშიც გააგრძელა, როცა ისეთ საკულტო ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიც გალაქტიკის ძიებაჰარი პოტერიგრძნობა და გონებაჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში და ნამდვილი სიყვარულია. დღიურებს მსახიობი 2016 წლამდე წერდა, როცა იგი 69 წლის ასაკში პანკრეასის სიმსივნისგან გარდაიცვალა.

ალან რიკმანის დღიურების რედაქტორი ალან ტეილორი იქნება, რომელმაც ერთ წიგნად აკინძა ბეატრის პოტერის, დოროთი ვორდსვორთისა და ჯონ ფაულზის მემუარული ნაწერები.

“მოხარული ვარ, რომ Canongate ალანის დღიურებს გამოსცემს, ალან ტეილორზე უკეთეს რედაქტორს კი ალბათ ვერც ვინატრებდით”, — ამბობს რიმა ჰორტონი, რიკმანის ყოფილი ცოლი, რომელთან ერთადაც მსახიობი 1965 წლამდე ცხოვრობდა, — “დღიურებში გამოვლენილია ალანის სახე, არა მხოლოდ როგორც მსახიობის, არამედ როგორც ნამდვილი პიროვნების — იუმორის მისეული გრძნობით, გულმოდგინე ხასიათით, ხელოსნობის საოცარი ოსტატობით და ხელოვნებისადმი უდიდესი სიყვარულით”.

ტეილორის შეფასებით, რიკმანის დღიურები “სასაცილო, მოურიდებელი, მახვილგონიერი, სიტყვაუხვი და უკიდურესად გულწრფელი ნაწერია, რაც მას შესანიშნავ საკითხავად აქცევს. თავად დღიური კი სწორუპოვარი შორსმჭვრეტელობით აღწერს მთელ მსოფლიოში პოპულარული ღირსშესანიშნავი მსახიობის ყოველდღიურობას”.

დღიურები არაერთგვაროვან თემებს ეხება: მსახიობობა, მეგობრობა, პოლიტიკა და რაც არაერთი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხავი იქნება — კადრსმიღმა მომხდარი ამბები, მათ შორის ჰარი პოტერის გადასაღები მოედნიდან.

“თუმცა ყველაფერზე მეტად, დღიურები მაინც ნამდვილი ალან რიკმანის სახეა — მხიარული, საქმისადმი თავდადებული და ზოგჯერ გამომწვევი. ეს კი მისი ხელოვნების ახლებური გააზრების საშუალებას გვაძლევს”, — აღნიშნავს გამომცემელი, — “ალანის დღიურები ისეა დაწერილი, თითქოს უახლოეს მეგობარს ესაუბრებოდეს. მათში მოკლე, სხარტად გადმოცემული აბზაცებით სრულყოფილი სურათია შექმნილი. მისი მეშვეობით ჩვენ მსახიობის შეხედულებებსა და წარმოდგენებს უფრო ახლოდან ვეცნობით. ეს არის ძალიან ინტიმური, შემეცნებითი და სახალისო ტექსტი”.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი